უვიზო ევროპის ერთი წელი 

ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოდან – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროზონაში – ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ პირველად ჩავიდნენ. რეისით სულ 176-მა მგზავრმა იფრინა. ამავე დღეს ფრენა შესრულდა სალონიკისა და ვარშავის მიმართულებით.

მათ შორის, ვინც 2017 წლის 28 მარტს ევროპაში უვიზოდ პირველმა იმოგზაურა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იყო, რომელიც სტუდენტებთან, მეცნიერებთან, ჟურნალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ათენში ჩავიდა.

დღეს შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ ათასობით ადამიანი მოგზაურობს.

ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის იოლი არ ყოფილა და ხუთი წელი გაგრძელდა.

სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის 2012 წლის ივნისში დაიწყო. სამოქმედო გეგმა კი, საქართველოს ხელისუფლების წევრებს 2013 წლის 25 თებერვალს საშინაო საქმეებში ევროკომისარმა სესილია მალსტრომმა გადასცა.

სამი წლის შემდეგ, 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო მეოთხე და ფინალური ანგარიში, რომელშიც „სავიზო რეჟიმის გამარტივების გეგმით“ გაწერილი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვანი პროგრესი იყო აღნიშნული.

დოკუმენტში ევროკომისიამ დააფიქსირა, რომ საქართველომ გაითვალისწინა წინა სამ ანგარიშში მოცემული ყველა შენიშვნა და უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

ბრიუსელის დადებით რეკომენდაციას თბილისში მიესალმნენ. ამ დღეს საქართველოს დედაქალაქში შენობების ნაწილი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ გზის დასაწყისი იყო. ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო 2015 წელს ევროკავშირს მიგრაციული კრიზისის ყველაზე დიდმა ტალღამ გადაუარა. ამის გამო, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი გაჭიანურდა.

ევროკავშირის საზღვრებთან შეკრებილი ათასობით ლტოლვილის შემხედვარე, ბევრი სკეპტიკოსი შიშობდა, რომ მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით გაყინულიყო.

2016 წლის გაზაფხულზე პროცესი დაიძრა. 9 მარტს ევროკომისიამ ოფიციალურად წარადგინა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების წინადადება.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი და დრამატული 9-თვიანი მოლაპარაკებები ბრიუსელსა და სტრასბურგში. ამ ხნის განმავლობაში პერიოდულად იმართებოდა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრები, რომელზეც ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას დრო დასჭირდა. ელჩების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კრიმინალში ჩართულობის გამო გამოთქვამდა პრეტენზიას. სახელდებოდა სხვა ვერსიებიც.
საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირში არსებულის წინააღმდეგობის დასაძლევად, ევროპელმა პოლიტიკოსებმა უვიზო რეჟიმის მარტივად და სწრაფად შეჩერების მექანიზმის შემუშავება გადაწყვიტეს, რომლის დამტკიცების გარეშე უვიზო რეჟიმი არ ამოქმედდებოდა.
ამ შემთხვევაშიც პროცესი კვლავ ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან მოლაპარაკებებს საფრანგეთში წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა.

საბოლოო შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2016 წლის 7 დეკემბერს მიაღწიეს. სტრასბურგში კენჭისყრა თავდაპირველად იანვარში დაინიშნა, შემდეგ კი თებერვლისთვის გადაიდო.

2016 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტარების წინაშე ანგარიშით წარდგა საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი. ამას მოჰყვა კენჭისყრა, სადაც ევროდეპუტატებმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციას.

533 მომხრე, 66 წინააღმდეგი, 28-მ თავი შეიკავა, – ასეთი იყო ისტორიული შედეგი, რომელიც ევროპარლამენტის ტაბლოზე დაფიქსირდა.

 

თუმცა, ესეც არ იყო საკმარისი. საჭირო იყო „შეჩერების მექანიზმის დამტკიცებაც.
ევროკავშირის ინსტიტუტებში ამ მექანიზმისა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე კონსენსუსი 2017 წლის 22 თებერვალს შედგა.

27 თებერვალს ამის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტირის ავრომოპულოსი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა.

ვიზების ლიბერალიზაციის ოფიციალურ დოკუმენტს კი ბრიუსელში პირველ მარტს მოაწერს ხელი.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საკანონმდებლო ცვლილება, დაპირებისამებრ ერთ კვირაში, 8 მარტს გამოქვეყნდა.

კანონით განსაზღვრულ 20 დღეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ პირველად გაემგზავრნენ. ამ დღეს ბრიუსელში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მიულოცა. დონალდ ტუსკის „ტვიტერის“ გვერდზე მილოცვის ტექსტი ქართულ ენაზე გამოქვეყნდა.