უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნება” 56.66%-ით ლიდერობს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბნის მონაცემები. როგორც უსკო-ს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38%-ია.
უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნება“ 934 94 ხმით, 56.66%-ით ლიდერობს, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ 23 591 ხმა, 14.03% აქვს, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 14 320 ხმა, 8.68%, „გახარია საქართველოსთვის“ -14 724 ხმა 8.92%, „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“- 10 329 ხმა, 6.26%.
„251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბანი. მონაცემები შემდეგნაირადაა განაწილებული: N4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 14 320 ხმა, 8.68%; N5 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 23 591 ხმა, 14.03%; „ევროპელი დემოკრატები“ – 872 ხმა, 0.53%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2 274 ხმა, 1.38%; „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 10 329 ხმა, 6.26%; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 651 ხმა, 0.39%; ,,თავისუფალი საქართველო“ N20 – 892 ხმა, 0.54%; N21 „ტრიბუნა“ – 383 ხმა, 0.23%; N25 ,,გახარია საქართველოსთვის“ – 14 724 ხმა, 8.92%; N36 ,,გირჩი“ – 3 468 ხმა, 2.1%„ N41 „ქართული ოცნება“ – 934 94 ხმა, 56.66%“, – განაცხადა უსკო-ს თავმდჯომარემ.
მისივე თქმით, ეს არის ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები და 66 ტრადიციული უბნის მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება უსკო-ს ვებგვერდზე.
„შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული 95% ხმას ელექტრონული საშუალებით აძლევდა, პროცესმა ძირითადად მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. 21:00 საათის მდგომარეობით, სულ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 78 საჩივარი, ქედაში – 1, ქობულეთში – 7, შუახევში – 3, ხელვაჩაურში – 6, ხულოში – 6, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ სამართლებრივი მსვლელობა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს და თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი მოდერნიზებული არჩევნები, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით იქნა ჩატარებული და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩეველმა სიახლე მარტივად მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანია, ვფიქრობთ, ეფექტიანი იყო“, – განაცხადა უსკო-ს თავმჯდომარემ.