უშგული-მესტიის გზაზე 10-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
უშგული-მესტიის გზაზე 10-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

უშგული-მესტიის გზაზე 10-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაათვალიერეს.

რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კილომეტრი სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა 2 ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.

მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება დამატებით 13-კილომეტრიან მონაკვეთზე. საერთო ჯამში 2019 წლისთვის აღნიშნულ გზაზე 23 კმ. გზის რეაბილიტაცა დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს ლენტეხიდან-ლასდილამდე მიმავალი 25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, სადაც 13 კილომეტრის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, დარჩენილი 12 კილომეტრის რეაბილიტაცია კი 2019 წელს დასრულდება.

რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის გზას, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, ამ დროისთვის დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. უშაუალოდ სამუშაოების დასაწყებად ტენდერი 2019 წლიდან ეტაპობრივად გამოცხადდება.

2018 წლის ოტომბრის მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 92 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განახორციელა. 2019 წელს, დაგეგმილია 31 ახალი პროექტის დაწყება, რომელთა ნაწილზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.