უსაინ ბოლტი ტოკიოს ოლიმპიადაზე - 100 მეტრის 9.80 წამში გარბენა ჩემთვის სავსებით რეალური იყო #1TVSPORT
მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ შეეძლო სპორტში დაბრუნება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის.
ლეგენდარულმა იამაიკელმა კარიერა 2017 წელს დაასრულა, მაგრამ მიაჩნია, რომ ძველებურად კონკურენტუნარიანია 100 მეტრზე რბენაში. ტოკიოში ამ დისტანციაზე 9.80 წამით იტალიელმა ლამონტ მარსელ ჯეიკობსმა გაიმარჯვა. ბოლტის მიერ 2009 წელს დამყარებული რეკორდი 9.58 წამს უტოლდება.
„მე ეს მართლაც მაკლია. და მინდოდა ტოკიოში ყოფნა, რადგან ასეთი მომენტებისთვის ვცხოვრობ. რთულია, უბრალოდ, მაყურებელი იყო.
როცა კარიერას ვასრულებდი, ჩემმა მწვრთნელმა მითხრა: „ხალხი კი არ ხდება სწრაფი, არამედ შენ ხდები ნელი“. აქამდე ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ, არადა, ფაქტი იმაშია, რომ ბევრი სპრინტერი მართლაც არ არის ძალიან სწრაფი, რადგან ჩემს მიერ დადგენილი თამასა ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ჩემი შედეგები თანდათან უარესდებოდა, მაგრამ 9.80 წამში გარბენა ჩემთვის სავსებით რეალური იყო.
ოლიმპიადაზე ყველაფერი სხვანაირადაა და ყოველთვის კარგად მომზადებული ვხვდებოდი მას, რადგან ეს უმაღლეს დონედ მიმაჩნდა. მაგრამ კარიერის დასრულებისას, უკვე ყველაფრისთვის მიღწეული მქონდა სპორტში, ასე რომ, საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მოტივაციაში იყო.
არ მგონია, რომ ამ თაობაში ვხედავდე რომელიმე სპორტსმენს, ვინც ჩემს რეკორდებს მოხსნის. მიმაჩნია, რომ კიდევ მაქვს რამდენიმე წელი იქამდე, სანამ ეს მოხდება“, – განაცხადა 35 წლის ბოლტმა.