ჩინეთმა ჰონგკონგისა და ტაივანის ხარჯზე ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულად გამოაცხადა თავი #1TVSPORT
ჩინეთმა ჰონგკონგისა და ტაივანის ხარჯზე ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულად გამოაცხადა თავი #1TVSPORT

ჩინურმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა საკუთარი ქვეყანა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულად გამოაცხადეს. მათ ჩინელი სპორტსმენების მიერ მოპოვებულ მედლებს დაუმატეს ჰონგკონგისა და ტაივანის მონაგარი, რომლებიც ჩინურ ტერიტორიებად არიან მიჩნეულნი, მაგრამ ოლიმპიადაზე ცალკე ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ.

ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან 10 დღის შემდეგ, სოციალური ქსელების ჩინურ პლატფორმებსა და ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში გამოჩნდა გამოსახულება, რომელიც უჩვენებს მედლების შეცვლილ რაოდენობას, – იტყობინება Taiwan News.

ოფიციალურად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საერთო გუნდური პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატების ნაკრებმა დაიკავა – 39 ოქრო, 41 ვერცხლი და 33 ბრინჯაო.

ჩინეთმა მოიპოვა 38 ოქრო, 32 ვერცხლი და 18 ბრინჯაო. ჰონგკონგისა და ტაივანის მედლების დამატების შემთხვევაში, 41 ოქროს, 37 ვერცხლსა და 27 ბრინჯაოს მივიღებთ.

ოლიმპიური თამაშების არაოფიციალურ გამარჯვებულად ცხადდება ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ოქროს მედალს იგებს.