ირმა ხეცურიანმა გულშემატკივრებს მიმართა - თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო ბრძოლები გველოდება #1TVSPORT
ირმა ხეცურიანმა გულშემატკივრებს მიმართა - თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო ბრძოლები გველოდება #1TVSPORT

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტოკიო 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ზაფხულის XVI პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება, ისევე როგორც ოლიმპიადა, კოვიდპანდემიის გამო ერთი წლის შემდეგ გაიმართება. იაპონიის დედაქალაქში 22 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 4400 სპორტსმენი, სადაც მედლების 539 კომპლექტს გაითამაშებენ. პარალიმპიადაზე 13 ქართველი პარასპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს. ჩვენი დელეგაციის მედროშე ტიტულოვანი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება. ტოკიოს პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის პირდაპირ რეპორატაჟს დღეს, 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია უკვე ტოკიოშია. ჩვენი გუნდიდან შეჯიბრებას პარამოფარიკავეები დაიწყებენ, დასკვნით დღეს, 4 სექტემბერს კი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული იასპარეზებს.

„ამომავალი მზის ქვეყანაში მზე ვერ ამოვიყვანეთ, სულ წვიმდა, მაგრამ, ეს ჩვენზე სულაც არ მოქმედებს უარყოფითად, პირიქით – ჩვენს გვაქვს კარგი საბრძოლო განწყობა და გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოვადგინოთ. საქართველოს პარაფარიკაობის ნაკრები გამოსვლას 25 აგვისტოს ხმლით ფარიკაობაში იწყებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას მე და ნინო თიბილაშვილი დავიცავთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, ოქროს სინჯის მედლების წამოსაღებად, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ერი. 28 აგვისტოდან კი რაპირაში ვიასპარეზებთ, სადაც ჩვენი გუნდის ახალი წევრი გვანცა დადიშვილი შემოგვიერთდება. შემდეგ, 29 აგვისტოს კი გუნდური პარაფარიკაობა გველის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემს გულშემატკივრებს, რადგან ასეთ შორ მანძილზეც კი იგრძნობა თქვენი სითბო და ძალიან მოხარული ვარ, რომ ხშირ შემთხვევაში თქვენს იმედებს ვამართლებთ და მჯერა, 25 აგვისტოსაც ასე მოხდება. არ გაჩერდეთ, თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება, რადგან ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო ბრძოლები გველოდება. ჩვენ მზად ვართ და წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ქართველ სპორტსმენს, რომელიც პარალიმპიადაზე იასპარეზებს“, – ამბობს პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი.

ნიკა თვაური, პარამოცურავე:

„იაპონიაში 12 აგვისტოდან ვიმყოფებით და მზადებას ვასრულებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, რადგან რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, შეძლეს და სპორტსმენებს იდეალური საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები შეგვიქმნეს, ყოველდღიურად სითბოს და სიყვარულს გვჩუქნიან და აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. ჩვენთვის მთავარი სპორტული მოვლენისთვის ვემზადებით და მჯერა, გულშემატკივრებს გავახარებთ“.