მაქს ფერსტაპენი წლის სპორტსმენი გახდა, იტალია წლის გუნდი - ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ პრიზები დაარიგა #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენი წლის სპორტსმენი გახდა, იტალია წლის გუნდი - ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ პრიზები დაარიგა #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონმა, ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა 2021 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის პრიზი მიიღო ლაურეუსის სპორტული აკადემიისგან (Laureus World Sports Academy).

24 წლის ფერსტაპენმა შარშანდელ სეზონში 10 ეტაპი მოიგო და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა იამაიკელი მძლეოსანი ელეინ ტომპსონ-ჰერა. 2021 წელს მან სამი ოქრო მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადაზე – მოიგო 100 და 200 მეტრზე გარბენები და 4×100 მეტრზე ესტაფეტა. ახლა, 29 წლის სპორტსმენი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

2021 წლის საუკეთესო გუნდი გახდა იტალიის საფეხბურთო ნაკრები, რომელმაც ევრო 2020 მოიგო.

ნომინაცია „წლის გარღვევა“ მოიგო 19 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ემა რადუკანუმ, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ის პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია ბოლო 44 წლის განმავლობაში, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო.

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი „წლის მიღწევის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. 2020-21 წლების სეზონში მან 41 გოლი გაიტანა გერმანიის ჩემპიონატში და გააუმჯობესა გერდ მიულერის რეკორდი. გარდა ამისა, პოლონელმა მოიგო „ოქროს ბუცი“ და გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით.

„ლაურეუსის“ პრემია, რომელსაც არაოფიციალურად „სპორტულ ოსკარებს“ უწოდებენ, 1999 წელს დაფუძნდა. ლაურეატებს ირჩევს აკადემიის 50 წევრი, რომლებიც სპორტის ლეგენდები არიან.