USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი თუ იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე
როგორც აშშ-ის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა განაცხადეს, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე და შეფერხდება ამ გზაზე სიარული, – ამის შესახებ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება სამწუხარო იქნება.
„შესაძლოა, ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას საქართველო. შესაბამისად, ამას ექნება გავლენა როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამწუხარო იქნება ამ კანონის მიღება. USAID-ი გააგრძელებს ისევ საქართველოს მხარდაჭერას, რა თქმა უნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, კერძო სექტორთან, დაინტერესებულ მხარეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ყოველთვის საქართველოს მომავალშიც“, – განაცხადა პენელმა.