ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროპამ ძალაუფლების ენა უნდა ისწავლოს. ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა ამის შესახებ ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირს მსოფლიო პოლიტიკაში გაცილებით აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის განმარტებით, „რბილი ძალაუფლების“ ამჟამინდელი სტრატეგია თანამედროვე მსოფლიოსთვის საკმარისი არ არის.
„ერთის მხრივ ეს გულისხმობს კუნთების გაძლიერებას იმ სფეროებში, რომლებშიც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ სხვებზე ვიყავით დამოკიდებულები, მაგალითად, უსაფრთხოების პოლიტიკაში. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს არსებული ძალის გაცილებით მიზნობრივად მიმართვას იმ სფეროებისადმი, რომლებშიც ევროპას ინტერესები გააჩნია“, – განაცხადა ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ამასთან ერთად, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიულ პოლიტიკას. მან პარიზის მიერ მაკედონიისა და ალბანეთის ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაბლოკვა გააკრიტიკა.
ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ გაფართოების პოლიტიკა თავად ევროკავშირის ინტერესებში ჯდება, რადგან წინააღმდეგ შემთვევაში ეს სახელმწიფოები შესაძლოა, სხვისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ასეთ შესაძლო ქვეყნებად კი, ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ჩინეთი დაასახელა.