ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიორგი გახარიასთან საუბრისას COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების კუთხით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენცისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის, მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რაც დადასტურდა კრიზისის პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობით და კონკრეტულ, ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე – ფინანსური კუთხით.
ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ, შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა და ევროპული სოლიდარობა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც მკაფიო და შეუქცევადი იქნება. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თავლსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, მათ შორის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს. ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა და არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს. საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, აპრილში იგეგმებოდა, პანდემიის გამო ვერ განხორციელდა და გლობალური გამოწვევის დამარცხების შემდეგ შედგება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ, ამჯერად ახალ ამპლუაში ეწვიოს საქართველოს.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი.