ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ სურვილი აქვს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ სურვილი აქვს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ შეხვედრაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის ნომინაცია დადასტურებული იქნება მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ ყოველწლიურ ყრილობაზე. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის ლიდერების შეხედულებისამებრ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რაც ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის პრივილეგიით.
დასავლური მედია წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ლიდერის მხარდაჭერა აქვს. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოდის.
ხელშეკრულებების თანახმად, კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით. შემდეგ საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა არის საჭირო.