ურსულა ფონ დერ ლაიენი წინადადებით გამოდის, განიხილონ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით გამოყენება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წინადადებით გამოდის, განიხილონ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით გამოყენება.
„დროა, დავიწყოთ საუბარი რუსული გაყინული აქტივების გაუთვალისწინებელი სარგებლის გამოყენების შესახებ, რათა ერთობლივად შევიძინოთ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინისთვის. ამ თანხას იმაზე უკეთ ვერ გამოვიყენებთ, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილი რომ გავხადოთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ომის საფრთხე, შესაძლოა, არ არის მყისიერი, თუმცა გამორიცხული არაა.
„შესაძლო ომის რისკები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ეს კი იწყება წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების აღდგენით, შევსებითა და მოდერნიზებით. ამასთან, ევროპამ უნდა განავითაროს და აწარმოოს მომდევნო თაობის საბრძოლო შესაძლებლობები, უზრუნველყოს მასალების საკმარისი რაოდენობა და ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიის პოტენციალის გაძლიერებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ევროპამ უნდა დახარჯოს მეტი, უკეთესად და ევროპულად. ევროპული სუვერენტიტეტი ჩვენს პარტნიორობას გააძლიერებს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.