ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო

უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა მიიღო საწინააღმდეგო შედეგი, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, კიევში მიმდინარე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.

2014 წლის თებერვალსა და მარტში უხეში ძალის გამოყენებით ყირიმის ანექსიით, პუტინმა დაიწყო თავისი მცდელობა, ეიძულებინა უკრაინელები, უარი ეთქვათ საკუთარ თავისუფლებასა და ევროპული მომავლის არჩევის სურვილზე.

მისი თქმით, პუტინს სურდა, შეერყია უკრაინის დამოუკიდებლობა და უკეთესი მომავლის რწმენა, მაგრამ მან მიაღწია საპირისპირო და უკრაინა არა მხოლოდ აღნიშნავს დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს, არამედ გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც.

„ჩვენი ხალხი არასდროს ყოფილა ასე ახლოს და ჩვენი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინისადმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

​ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი დარჩება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

„ევროკავშირი უკრაინის უახლოესი მეგობარი და საერთაშორისო სამართლის დამცველია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ თავიდანვე თქვენთან ერთად ვიყავით ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 2014 წლიდან ყირიმი გამოიყენება არა მხოლოდ, როგორც რუსული სამხედრო ბაზა, არამედ, როგორც პლატფორმა იმ სასტიკი მეთოდების გამოსაცდელად, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროპელმა ოფიციალურმა პირმა შეშფოთება გამოთქვა ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ ევროკავშირი დაუღალავად იმუშავებს უკრაინის ხელისუფლებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ამ დარღვევების გამოსავლენად და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად.