ურსულა ფონ დერ ლაიენი - უცხო ქვეყნები ევროპის საარჩევნო პროცესებში ერეოდნენ
ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უცხო ქვეყნები ევროპის საარჩევნო პროცესებში ერეოდნენ. ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. პუბლიკაციაში ურსულა ფონ დერ ლაიენი ვრცლად საუბრობს მის ინიციატივაზე, რომელიც მარგარიტის სხინასის ვიცე პრეზიდენტად წარდგენას ეხება. კერძოდ, თავის გამოსვლაში ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა სხსინასის მათავარ ფუნქციად „ევროპული ცხოვრების წესის დაცვა“ დაასახელა, რაც ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა პარტიებმა „იდეოლოგიურ გამარჯვებად“ შეაფასეს.
„ჩვენ ვნახეთ უცხო ქვეყნების მხრიდან ევროპის საარჩევნო პროცესებში ჩარევის შემთხვევები. ასევე ვიხილეთ შიდა პოპულიზმი, რომელიც იაფფასიანი ნაციონალისტური ლოზუნგებით ცდილობდა ევროკავშირის დესტაბილიზაციას შიგნიდან. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ძალებს მოგვტაცონ და მიითვისონ ევროპული ცხოვრების წესის მნიშვნელობა. ისინი ევროპული ცხოვრების წესს განმარტავენ ისე, როგორც ეს მათ სურთ და ეს რეალობას ეწინააღმდეგება“,- წერს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი.
გერმანელი პოლიტიკოსის განმარტებით, „ევროპული ცხოვრების წესი ყოველდღე საფრთხის წინაშე დგას და მას ეწინააღმდეგებიან ანტიევოპელები, როგორც შიგნიდან, ისე გარედან“.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას პირველი ნოემბრიდან დაიკავებს. მანამდე კი ევროპარლამენტში, ოქტომბრის სესიაზე, მის მიერ ევროკომისრების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უყრიან კენჭს.