ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვიდი კვირის წინ ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება, გასულ კვირას ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა, პასუხს ვაგებინებთ სამხედრო დანაშაულებისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად და პასუხს აგებენ ისინი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სამხედრო დანაშაულებზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას.
„მხოლოდ შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით. ის დატოვეს დასალპობად შუა ქუჩაში ან მასობრივ სამარხებში. ჩვენ ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. „ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ“, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას. ისინი ამას გათავისუფლებას უწოდებენ. არა, ჩვენ ვუწოდებთ ამას სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ნამდვილად უნდა დავარქვათ ამას თავისი სახელი. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი ადგილზე მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე. დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ. ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ მხარდაჭერის გზავნილს ჩაუტანენ ის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე კვირის ბოლოს კიევში დაგეგმილი ვიზიტისას.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვრცლად ისაუბრა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების მეხუთე პაკეტზე და აღნიშნა, რომ ომის ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლა.
„ევროპელი გადამხდელების ფული არ უნდა მიედინებოდეს რუსეთში არანაირი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები სანქციების მიმართ, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები სანქციების მიმართ, ჩვენ ეტაპობრივად უნდა გავამკაცროთ ჩვენი სანქციები, რადგან ისინი ზღუდავენ კრემლის მოქმედების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვარიანტებს. სანქციები ჭკვიანია, რადგან ისინი აზარალებს რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ. ეს არ იქნება ჩვენი ბოლო სანქციები. როგორც გუშინ ვთქვი, დიახ, ჩვენ ახლა ავკრძალავთ ქვანახშირის იმპორტს, თუმცა ახლა უნდა განვიხილოთ ნავთობის საკითხი და ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ შემოსავალს, რომელსაც რუსეთი იღებს წიაღისეული საწვავიდან, რომ ჩვენ ნამდვილად შევზღუდოთ წიაღისეული საწვავიდან რუსეთის შემოსავლის წყარო და ეს არის შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ.
40-ზე მეტი ქვეყანა აწესებს ამგვარ სანქციებს და ჩვენ ველოდებით სხვებისგან, რომ პატივი სცენ ამ სანქციებს, სულ მცირე, გვერდი არ აუარონ და არ გამოუთხარონ მათ ძირი. ეს იყო ჩვენი გზავნილი ჩინეთისადმი გასულ პარასკევს გამართულ სამიტზე. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის ევროპაში, თუმცა ასევე სხვებისთვის მსოფლიოში, რომ მკაფიო პოზიცია დაიკავოთ. მკაფიო პოზიცია პუტინის მიერ არჩეული ომის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების წინააღმდეგ, მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევების წინააღმდეგ. და როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ჩინეთს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.
არავინ შეიძლება იყოს ნეიტრალური, როდესაც სახეზეა ასეთი ღია აგრესია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რუსეთის მიერ გაჩაღებული ეს ომი ევროპით არ შემოიფარგლება, ის ასევე განსაზღვრავს, როგორ ვუდგებით მომავალში გლობალურად საერთაშორისო სამართლის ასეთ დარღვევას და ჩინეთმა ასევე უნდა დაიკავოს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სიტუვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის შაბათს ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მათ ასევე შეუერთდებიან გამოჩენილი ადამიანები სპორტის, კულტურისა და სხვა სფეროებიდან.