ურსულა ფონ დერ ლაიენი - საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე
ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტის გაყინვა დღეს, როდესაც უცხოური ჯარები უკრაინის მიწას იკავებენ, არ არის გამოსავალი.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა დავეხმაროთ სასტიკი და უსამართლო ომის დასრულებას, კონფლიქტის, რომელმაც შეიწირა სიცოცხლეები და დევნილი გახადა მილიონობით ადამიანი. რუსეთის აგრესიული ომის გამოძახილი მთელ მსოფლიოში ისმის. ელექტროენერგიის ფასები გაიზარდა, საკვები პროდუქტების ფასები გაიზარდა და ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის. არის თუ არა სწორი, რომ უფრო დიდ ქვეყანას შეუძლია, შეიჭრას და წაართვას ტერიტორია უფრო პატარა მეზობელ ქვეყანას? პასუხი, რა თქმა უნდა, არაა. ეს წერია გაერო-ს წესდებაში. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ. კონფლიქტის გაყინვა დღეს, როდესაც უცხოური ჯარები უკრაინის მიწას იკავებენ, არ არის გამოსავალი. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც აღადგენს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა, უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ასე ვხსნით გზას მშვიდობისკენ. ჩვენ ვხსნით გზას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.