ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინს ევროპაში იმპერიისა და ავტოკრატიის დაბრუნება სურს, ევროპულ წესებზე დაფუძნებული წესრიგის დარღვევით
ვლადიმერ პუტინს ევროპაში იმპერიისა და ავტოკრატიის დაბრუნება სურს, ევროპულ წესებზე დაფუძნებული წესრიგის დარღვევით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ ევროპულ ეკონომიკურ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარი თავდაცვისთვის და ინვესტიციები განახორციელოს თავდაცვით მრეწველობაში, განსაკუთრებით იმ საფრთხეების ფონზე, რასაც რუსეთი უკრაინაში ქმნის.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი ევროპის და, განსაკუთრებით, უკრაინის დასაცავად.
„პუტინის ომი – ეს ევროპის რუკის შეცვლაა, თუმცა ასევე არის ომი ჩვენი კავშირისა და მთლიანად გლობალური სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია წესებზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპის დაცვა მთელი ევროპის ამოცანაა.