ურსულა ფონ დერ ლაიენი - მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის
მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში განაცხადა, სადაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.
ფონ დერ ლაიენმა კიევში ყოფნისას განაცხადა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე, 2024 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირი ჩაატარებს მნიშვნელოვან პროცესს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო პროცესი და ამ გზაზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ, განახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენი მხრივ, მარტის შუა რიცხვებისთვის მოგაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.