ურსულა ფონ დერ ლაიენი - კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ ახალ მექანიზმს აამოქმედებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ ახალ მექანიზმს აამოქმედებს

კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ ახალ მექანიზმს აამოქმედებს. ბრიუსელი ბუდაპეშტს ევროკავშირის ფონდიდან გამოყენებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. მან ევროპარლამენტის დეპუტატებს წარუდგინა ევროკომისიის წერილი, რომელიც უნგრეთის მთავრობას გადაუგზავნეს.

მას გზავნილის დეტალურ შინაარსზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობირვი ხარჯვის გამო, ბუდაპეშტის დაფინანსება შემცირდება.

უნგრეთის მთავრობაში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ბრიუსელი თუ ასეთ ნაბიჯს გადადგმას, ეს იქნება შეცდომა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა მოუწოდა ბრიუსელს „არ დასაჯონ უნგრელი ამომრჩევლები იმის გამო, რომ მათ არ გამოხატეს ისეთი მოსაზრება, რომელიც ბრიუსელის გემოვნებას არ შეესაბამება“.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტია „ფიდესმა“ მოიპოვა, რომელიც ქვეყანას უკვე 12 წელია, მართავს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კრიტიკოსები მას დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, ორბანის მთავრობამ შეზღუდა მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

ევროკომისია უარს ამბობს უნგრეთისთვის პანდემიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამიზნული თანხების გამოყოფაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ორბანმა ამ დრომდე ვერ წარადგინა გარანტიები, რომ ამ დაფინანსებას მთავრობა მიზნობრივად დახარჯავს.