ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება მომდევნო 48 საათში მოხერხდება
ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მომდევნო 48 საათში მოხერხდება შეთანხმება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში განაცხადა. ევროკავშირის ლიდერების სამიტი დღეს და ხვალ გაგრძელდება.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა. ეს არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი. ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიმუშავეთ წინა ხუთ პაკეტზე. ეს პროცესი არასდროს ყოფილა იოლი. იგივე ხდება მეექვსე პაკეტის შემთხვევაშიც. კომისია და საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბოლო დღეებში ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა წინ წავწეულიყავით. ჯერ არ ვართ მზად, თუმცა ეს პაკეტი მომწიფდა. ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მომდევნო 48 საათში გადაწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგ ამის შესაძლებლობა იქნება. ზოგადად, ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ ჩემი მოწოდება იქნება შემდეგი – ჩვენ გვაქვს წარმატების ერთი გასაღები, ესაა სოლიდარობა უკრაინისადმი და ევროკავშირის ერთიანობა.
ეს არის ძალიან მკაცრი სანქციების პაკეტი. ჩვენ მოვაგვარეთ ყველა საკითხი, გარდა ერთისა. ეს საკითხი ეხება ნავთობს, რომელიც მილსადენით მიეწოდება ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს. ამ თემაზე დისკუსიები გრძელდება“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.