ურსულა ფონ დერ ლაიენი - დავფიქრდებით, რამდენად პროპორციულია, როდესაც იმ ქვეყნებს ვაწვდით ვაქცინებს, სადაც აცრილი მოქალაქეების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირში
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, შეაჩერონ ევროპაში წარმოებული ვაქცინების სხვა ქვეყნებში ექსპორტი, თუ კონკრეტული ქვეყანა უარს იტყვის ვაქცინების განაწილებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პირველ რიგში დიდ ბრიტანეთს გულისხმობდა.
„ჩვენ გვსურს პროპორციული ექსპორტის ხილვა. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი ავამოქმედოთ, რათა ეს ამოცანა შესრულდეს. ეს არის ხერხი, რომ ევროპამ გარანტირებულად მიიღოს ვაქცინების სამართლიანი წილი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ბოლო ექვს კვირაში ევროკავშირიდან 33 ქვეყანაში ვაქცინების 41 მილიონი დოზა გავიდა ექსპორტზე.
„ჩვენ დავფიქრდებით, არის თუ არა პროპორციული, როდესაც იმ ქვეყნებს ვაწვდით ვაქცინებს, სადაც აცრილი მოქალაქეების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთში ბოლო ექვს კვირაში ევროპიდან 10 მილიონი დოზა ვაქცინა გაგზავნეს, მაშინ როდესაც ევროკავშირს ლონდონისგან ჯერ არ მიუღია დაპირებული რაოდენობის ვაქცინები.
დიდ ბრიტანეთში ევროკომისიის პრეზიდენტის ეს განცხადება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები.
„ვაქცინების ექსპორტზე ახალი შეზღუდვების შემოღება ხელს შეუშლის ვირუსთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.