ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი მთავარი მიზანია ერთობის გაძლიერება, სრულყოფა, გაფართოება არის უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროპული მისწრაფებები აქვთ
ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ერთობის გაძლიერება და სრულყოფა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, გაფართოება უნიკალური შესაძლებლობაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროპული მისწრაფებები აქვთ.
„მხარში უნდა დაუდგნენ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, ევროპას შემოუერთდნენ. ჩვენ მოგვეხსენება, რომ გეოგრაფია, ისტორია და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთობის გაძლიერებას, სრულყოფას პოლიტიკური, გეოპოლიტიკური არსი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გადავხედავთ გაფართოების ისტორიას, ვნახავთ, რომ ძალიან დიდია სარგებელი იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ასევე, თვითონ ევროკავშირისთვის. ეს ორივესთვის გამარჯვება გახლავთ. სარგებელია მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისთვის, ხელმისაწვდომობა ევროპულ ბაზარზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, იმოგზაურონ, ხელმისაწვდომი ხდება ახალი ბიზნესბაზრები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია, რათა სტაბილურობა, კეთილდღეობა იქნას უზრუნველყოფილი. თვით ევროკავშირისთვის უპირატესობა ნამდვილად ნათელი, შთამაგონებელი გახლავთ. ჩვენი ბაზრის გაფართოება ნამდვილად ააყვავებს ეკონომიკას, გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას, გააძლიერებს ევროპულ ბაზარს. გაფართოების ისტორია ნამდვილად უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატების მაგალითი გახლავთ და იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მიმზიდველობას განვიხილავთ, გაფართოებამ ნამდვილად უფრო მიმზიდველი გახადა ევროკავშირი და ამან გაზარდა ჩვენი, როგორც სავაჭრო პარტნიორების, როლი მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ბუნებრივი აირის მიმართულებითაც ძალიან წარმატებული მაგალითები გვაქვს გაფართოების ჭრილში. ასევე, ეს გახლავთ ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ევროკავშირში ახალი წევრების ინტეგრირება ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, თავდასხმებისგან დავიცვათ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სტაბილური გარემო შევქმნათ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ როცა დგება, უფრო დიდი, ძლიერი ევროკავშირი გვაძლევს საშუალებას, უფრო მკაცრად, ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი. გაფართოება გახლავთ უნიკალურო შესაძლებლობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროპული მისწრაფებები აქვთ, ასევე, ჩვენთვის ეს არის მამოძრავებელი ძალა კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის, რომელიც ნამდვილად გამოარჩევს ევროკავშირს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.