ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ თუ გვსურს, ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად, ზოგიერთ საკვანძო სფეროზე ერთსულოვან კენჭისყრას უბრალოდ აზრი აღარ აქვს
ჩვენ თუ გვსურს, ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად, ზოგიერთ საკვანძო სფეროზე ერთსულოვან კენჭისყრას უბრალოდ აზრი აღარ აქვს, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროპის მომავლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპამ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს, მაგალითად, ჯანდაცვის ან თავდაცვის სფეროში.
„იმისთვის, რომ წინსვლა განვაგრძოთ თქვენი რეკომენდაციების შესასრულებლად, გვჭირდება ახალი ქმედებები. ასეთი სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ვაპირებ თქვენს წინადადებებზე პასუხი გამოვაცხადო ევროკავშირის შესახებ გამოსვლაში უკვე სექტემბერში, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ. მაგალითად, მე ყოველთვის ვიკავებდი პოზიციას, რომ თუ ჩვენ გვსურს, ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად, ზოგიერთ საკვანძო სფეროზე ერთსულოვან კენჭისყრას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ასევე ის, რომ ევროპამ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს, მაგალითად, ჯანდაცვის ან თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა დაამტკიცა თავისი უნარი, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, მათ შორის პანდემიას და ომს, მაგრამ მისი თქმით, ახალი გამოწვევები, მათ შორის გზა კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ ან ციფრული ტრანსფორმაციისკენ, მოითხოვს ახალ მიდგომებს და ცვლილებებს თამაშის წესებში.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ახალ გამოწვევებზე რეაგირების გზა ევროკავშირის შეთანხმებებით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ შეუძლია, წევრ ქვეყნებთან ერთად იმუშაოს და შეუძლია, გააფართოვოს და გააუქმოს ლიმიტები კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას.
„ჩვენ მუდმივად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიის მუშაობის გზა. მინდა ნათლად განვაცხადო, რომ მე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით, ვისაც სურს რეფორმები ევროკავშირში, რათა მან უკეთესად იმუშაოს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.