ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე მზად არ იქნება
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპარლამენტის არჩევნებამდე მზად არ იქნება.
აღნიშნული განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ შემოწმების პროცესში. ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზეც. ჩემი ვარაუდით, ის მზად იქნება არა ევროპარლამენტის არჩევნებამდე, არამედ მის შემდეგ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
როგორც ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ამის მიზეზი მოლაპარაკებებში არსებული სხვადასხვა პოზიციაა, რის განხილვასაც დრო სჭირდება.
ევროკომისიამ იანვარში დაიწყო დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც განსაზღვრავს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პრინციპებსა და პროცედურებს. ვარაუდობდნენ, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო მარტის თვეში იქნებოდა მზად, თუმცა ევროკავშირის სამიტზე, რომელიც მარტში გაიმართება, სავარაუდოდ, შეფასდება უკრაინის ბოლო ნაბიჯები გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.