ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსანმა ბუქარესტში ვიზიტისას რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებაზე მუშაობს.
„უკრაინისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას მკაცრი სანქციებით ვპასუხობთ. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ კრემლს საშუალება, აწარმოოს ომი თავისი მეზობლების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები. ეს სანქციები ასევე დააწესეს მთელს მსოფლიოში ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა. ჩვენს მიერ წარდგენილი სანქციების სამ ტალღას უკვე აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, პუტინის ომის ძალისხმევაზე. ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ ვითარება ადგილზე გაუარესდება. ამავე დროს, ჩვენ შურისძიების შემთხვევისთვის ვემზადებით, კერძოდ ჩვენ ვემზადებით ჩვენი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.