ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კრიზისი ევროკავშირის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კრიზისი ევროკავშირის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საზღვარზე ათასობით მიგრანტის განთავსება ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ევროკავშირისა და მეზობელი დემოკრატიული სახელმწიფოების დესტაბილიზაციის მცდელობა უფროა, ვიდრე მიგრაციული კრიზისი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების შეთანხმების პროცესში არიან მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო. მისი თქმით, დაგეგმილია შემაკავებელი ზომების დაწესება იმ ტურისტულ და სატრანსპორტო სააგენტოებზე, რომლებიც ხელს უწყობენ არალეგალურ მიგრაციას.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, არის სპეციალიზებული ტურისტული სააგენტოები, რომლებიც მიგრანტებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყველაფრით უზრუნველყოფენ, მათ შორის ავიაბილეთებით, ვიზით, სასტუმროებით და საზღვრამდე მისაყვანი სატრანსპორტო საშუალებებით. მისი განცხადებით, ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე მსგავსი ტურისტული სააგენტოების შესაბამისი სიის შექმნას გეგმავს, რათა თვალყური ადევნოს და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს მათი საქმიანობა.