საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ურეკის ახალი სკოლა დაათვალიერა და განაცხადა, რომ, გამოწვევების მიუხედავად, დღეს ურეკს უკვე აქვს 450 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე, ყველა სტანდარტის გათვალისწინებით აშენებული სკოლა.
„ტრადიციულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სკოლა აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც აუცილებელია სპორტული აქტივობებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კვებისა და გამართული სასწავლო პროცესისთვის. შესაბამისად, ურეკი ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლით შეხვდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე განმარტებით, სკოლა აშენდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„ცხადია, სკოლა არის სრულად ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ნორმა და სტანდარტი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის სამსართულიან შენობაში მოეწყო 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სპორტულ დარბაზი, სააქტო დარბაზი, სანიტარული კვანძები, სასადილო და გარე სპორტული მოედანი. კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც. სამინისტროს ცნობით, ურეკის სკოლის მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,7 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ურეკის ახალი საჯარო სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.