ურბანისტი - ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის სპეცნებართვა გიგი უგულავას დროს კანონდარღვევით მოიპოვეს, საზოგადოებას შეცდომის გამოსწორების საშუალება უნდა ჰქონდეს
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სპეცნებართვა გიგი უგულავას დროს კანონდარღვევით მოიპოვეს, – ამის შესახებ ურბანისტმა ზურაბ ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უგულავამ დაარღვია თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი და სივრცითი მოწყობის კანონი.
„მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა და კომპანია ვალდებულია, ხელახლა აიღოს ეს ნებართვა. არსებობს უგულავას განკარგულება, რომელიც სპეცნებართვაა და კანონდარღვევით მიიღეს როგორც პროცედურული, ისე არსებითი დარღვევებით. ახლა იმაზე საუბარი, რომ დანაშაულით მიღებულ განკარგულებას უვადოდ მოქმედების ძალა აქვს, უცნაურია. მერიის დამოკიდებულება სამარცხვინოა, რადგან იურიდიულ ხრიკებს აქვს ადგილი. არ შეიძლება კანონდარღვევით გაკეთებული საქმეს უვადო მოქმედების საშუალება ჰქონდეს. საზოგადოებას ამ შეცდომის გამოსწორების საშუალება უნდა ჰქონდეს.
უგულავას მიერ გაცემულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისის სახით სასტუმროს მშენებლობა შეიძლება და შეიძლება კ1- კოეფიცინტის გადამეტება. უგულავამ დაარღვია თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი, სივრცითი მოწყობის კანონი. ყველა დისკრეციის ფარგლებში გამოტანილ გადაწყვეტილებას უძღვის დასაბუთება, ასეთი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ამიტომ ჯანსაღი, გონიერი ადამიანისთვის ბუნებრივია, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. მერიას კანონი აძლევს უფლებას, ბოლო სიტყვა თქვას. მას შეუძლია გამოისყიდოს ტერიტორია“, – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. სასტუმროს მფლობელთან დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.