უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებისა და დრონების რეგისტრაციისთვის ონლაინპლატფორმა ამოქმედდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე (www.gcaa.ge) უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინპლატფორმა (https://uas.gov.ge/) ამოქმედდა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, ონლაინპლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაარეგისტრირონ კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი და გაიარონ „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის სავალდებულო დისტანციური პილოტების კომპეტენციის დამადასტურებელი ონლაინტესტირება.
„უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება. თუ სერიული წარმოების დრონის რეგისტრაციისას ვერ იპოვით თქვენთვის სასურველ მოდელს, „მწარმოებლის“ ან „მოდელის“ ჩამონათვალში, შეავსეთ „თვითნაკეთი“ უპილოტო საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ფორმა. აირჩიეთ უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენების სფეროები (ჰობი, ფოტოგრაფია, კომერცია, სოფლის მეურნეობა, სარბოლო და სხვა)“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია უფასოა.
„ღია კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ონლაინ თეორიული გამოცდის ჩაბარებისთვის, საჭიროა, მომხმარებელმა გადალახოს 75-პროცენტიანი ზღვარი. ონლაინტესტირების საგამოცდო საკითხები განსხვავდება ქვეკატეგორიების მიხედვით (A1 ხალხის თავზე ფრენა, A2 ფრენა ხალხის სიახლოვეს და A3 ფრენა ხალხისგან შორს). კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ხუთი წლის ვადით. ონლაინტესტირება უფასოა.
გარდა ზემოთ აღნიშნული ელექტრონული სერვისებისა, ონლაინპლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებზე. სააგენტოს მიერ, პერიოდულად განთავსდება რეკომენდაციები და მეთოდოლოგია, რომლებიც ექსპლუატანტებს დახმარებას გაუწევს ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების უკეთ აღქმასა და შესრულებაში.
ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიიღებს საინფორმაციო ან სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათის შეტყობინებებს. ამასთან, ახლო მომავალში, ხელმისაწვდომი გახდება ონლაინრუკა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებით.
უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაშია 2021 წლის პირველი იანვრიდან განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის. კერძოდ, აღნიშნული ეხება დისტანციური პილოტების კომპეტენციას, უპილოტო საჰაერო ხომალდის მარკირებას და დისტანციურ იდენტიფიკაციას.
ახალი წესის ფარგლებში, დისტანციურ პილოტებს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისას მოეთხოვებათ ელექტრონული ტესტირების გავლა, რის შემდეგაც მათ სააგენტოს მიერ მიენიჭებათ კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. წესი ასევე ადგენს 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაციის მოთხოვნას“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.