„უოლ სთრით ჯოურნალი“ - აშშ-მა საიდუმლო მოლაპარაკებების ფარგლებში ვენესუელის პრეზიდენტს შესთავაზა, ნებაყოფლობით თქვას უარი თანამდებობაზე, სანაცვლოდ კი ამნისტიას დაჰპირდნენ
„უოლ სთრით ჯოურნალი“ - აშშ-მა საიდუმლო მოლაპარაკებების ფარგლებში ვენესუელის პრეზიდენტს შესთავაზა, ნებაყოფლობით თქვას უარი თანამდებობაზე, სანაცვლოდ კი ამნისტიას დაჰპირდნენ

აშშ-მა საიდუმლო მოლაპარაკებების ფარგლებში ვენესუელის პრეზიდენტს შესთავაზა, ნებაყოფლობით თქვას უარი თანამდებობაზე, სანაცვლოდ კი მას ამნისტიას დაჰპირდნენ. როგორც „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, ნიკოლას მადუროს და მისი ახლო გარემოცვის წევრებს აშშ-ში ნარკოტიკების გადაზიდვაში ედებათ ბრალი.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე შესთავაზა ვენესუელის პრეზიდენტს გარანტიები, რომ მას ექსტრადიციის მიზნით დევნა აღარ დაემუქრება. „უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, მადუროს ამგვარ გარიგებას ვაშინგტონი 2023 წელსაც სთავაზობდა. მაშინ მადურომ ხელისუფლების ნებაყოფლობით დათმობაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, მოუწოდა აშშ-ს, არ ჩაერიოს ვენესუელის შიდა საქმეებში. ამასთან, მან ვაშინგტონთან მოლაპარაკებები არ გამორიცხა, თუ აშშ მის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში 28 ივლისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ნიკოლას მადურო მესამე ვადით გახდა ქვეყნის ლიდერი. თავის მხრივ, ოპოზიციის მტკიცებით, მათი მონაცემები აჩვენებს, რომ გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია. არჩევნების შედეგების გამოცხადებას კარაკასსა და ვენესუელის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. „როიტერის“ ცნობით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები. დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი. დააკავეს 2000 მომიტინგე.

აშშ-მა და ევროკავშირმა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ ცნეს. ვაშინგტონში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი გამოაცხადეს, ხოლო ევროკავშირმა მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, ხმები ხელახლა დათვალოს.