„უოლ სთრით ჯოურნალი“ - აშშ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
აშშ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ვაშინგტონი პეკინს რუსეთის შეიარაღებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის კომპონენტების გადაცემაში სდებს ბრალს და აღნიშნული ექსპორტის შეზღუდვა სურს.
აშშ-ის ოფიციალური პირები „უოლ სთრით ჯოურნალთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას იმ შემთხვევისთვის განიხილავენ, თუ დიპლომატიური ძალისხმევა არ გამოიღებს შედეგს და ჩინეთი არ დათანხმდება რუსეთში ორმაგი და სამხედრო დანიშნულების პორდუქტების ექსპორტის შეზღუდვას.
ყველაზე ხისტ სანქციებს შორის დასახელებულია ჩინეთის ბანკებისთვის დოლართან წვდომის შეზღუდვა. „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, ასეთი სანქციები უმრავლეს შემთხვევაში საკრედიტო ორგანიზაციების გაკოტრებას იწვევს.
„ეს ნაბიჯი განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ჩინეთისთვის იმ ფონზე, როდესაც ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა შენელებულია, ხოლო ვალი იზრდება“, – წერს ამერიკული გამოცემა.
ცნობისთვის, მარტში ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და თურქეთის რამდენიმე ბანკმა გაამკაცრა სანქციების რეჟიმის შესრულების მოთხოვნა, რასაც მოსკოვში ფულადი გადარიცხვების შეფერხება მოჰყვა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც ამ კვირაში ჩინეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება, პეკინი რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო.
„ჩვენ გამოვდივართ ფარისევლური მიდგომის წინააღმდეგ, როდესაც ამერიკული მხარე თავად ასხამს ნავთს ცეცხლზე, მაგრამ ჩინეთს ადანაშაულებს ამაში. ჩინეთის უფლება, ნორმალური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ხელშეუხებელია“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.