„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ აპირებს, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს სახელი დაარქვას და მეთაური გენერალი დანიშნოს
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ აპირებს, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს სახელი დაარქვას და მეთაური გენერალი დანიშნოს.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ უახლოეს კვირებში აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ძალისხმევის ერთ მისიაში გაერთიანებას აპირებს. ამის შემდეგ მისიას კონკრეტული სახელწოდება ექნება და მას უხელმძღვანელებს ერთი გენერალი, რომელიც იქნება უკრაინელი სამხედროების წვრთნის მეთაური და ამასთან ერთად უხელმძღვანელებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაწევას.
როგორც გამოცემა წერს, სამხედრო ოპერაციისთვის სახელწოდების მინიჭება ბიუროკრატიული ფორმალობის სახეს ატარებს, მაგრამ მას აქვს იურიდიული შედეგიც.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ეს ნიშნავს ფორმალურ აღიარებას, რომ აშშ მონაწილეობს კონკრეტულ საბრძოლო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ იბრძვიან რომელიმე მხარეს, უბრალოდ წვრთნიან მათ და აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას.
მეორე მხრივ, სწორედ ამ ფორმალური გადაწყვეტილების შემდეგ შეუძლია კონგრესს გამოყოს გრძელვადიანი მიზნობრივი დაფინანსება და გადაავადოს სამხედრო შეკვეთების ანაზღაურება.
და ასევე, ამის შემდეგ აშშ-ს შეეძლება სამხედროებისთვის სპეციალური ჯილდოების გადაცემაც.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, უკრაინაში მისიის მეთაურის დანიშვნა მიუთითებს, რომ პენტაგონს უკრაინის დახმარების მუდმივმოქმედი პროგრამის შექმნა სურს, რომელიც არაერთი წელი გაგრძელდება.