„უოლ სთრით ჯორნალი” - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ მომზადებულმა „გამარჯვების გეგმამ“ აშშ-ის ადმინისტრაციაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ მომზადებულმა უკრაინის „გამარჯვების გეგმამ“ აშშ-ის ადმინისტრაციაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი” წერს.
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა „გამარჯვების გეგმით“, რომლის მხარდაჭერასაც ვაშინგტონს უკრაინის პრეზიდენტი სთავაზობს.
გამოცემა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში შეშფოთებულნი არიან, რომ „გამარჯვების გეგმა“ არ შეიცავს ყოვლისმომცველ სტრატეგიას, ხოლო წინადადებები დაყვანილია მეტი იარაღის მიწოდებასა და შორი მოქმედების რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე.
„ეს არ არის შთამბეჭდავი, ამ გეგმაში არც ისე ბევრი სიახლეა“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
„უოლ სთრით ჯორნალის“ წყაროებმა აღნიშნეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებები კომპრომისს არ ითვალისწინებს, ხოლო დიპლომატიისა და პოლიტიკისადმი მიძღვნილ ნაწილში არ არის მოყვანილი დეტალები.
„გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აპირებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა.