„უოლ სთრით ჯორნალი“ - თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს
თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სავაჭრო მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, როგორ შეუძლია მოსკოვს თავისი სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.
მონაცემები აჩვენებს, რომ, სულ მცირე, 13-მა თურქულმა კომპანიამ 18,5 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის პლასტმასის, რეზინის, სატრანსპორტო საშუალებების, გენერატორების. აღნიშნული საქონელი შეიძინა, სულ მცირე, 10-მა რუსულმა კომპანიამ, რომელთაც აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული. გამოცემის მიერ შესწავლილი მონაცემები აჩვენებს, რომ თურქულმა კომპანიებმა გაგზავნეს ამერიკული წარმოების საქონლის, სულ მცირე, სამი პარტია.
გამოცემა წერს, რომ 2022 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში თურქულმა კომპანიებმა რუსეთში გაგზავნეს 15 მილიონი დოლარის ღირებულების ლიფტები, ელექტროგენერატორები და აშშ-ის წარმოების სხვა საქონელი აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევით.
იმ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის, რომლებიც საქონელს თურქეთიდან იღებდნენ, იყო რუსული კორპორაციის, „ტაქტიკური რაკეტების“ შვილობილი საწარმო, რომელიც რუსეთის ფლოტისთვის შეიარაღების სისტემებს აწარმოებს, ასევე „პრომტექნოლოგია“, რომელიც „შავ სიაშია“ შეყვანილი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის წარმოებისთვის. იმ საქონელს შორის, რომელსაც რუსეთი თურქეთისგან ყიდულობდა, იყო სატვირთო მანქანებისთვის განკუთვნილი ამერიკული წარმოების საჭეები და ძრავის ფილტრები.