„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელებისა და რუსების რაოდენობამ დაახლოებით ერთ მილიონს მიაღწია
ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელებისა და რუსების რაოდენობამ დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
ამასთან, უცნობია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლის დაპყრობის დროს 8 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ წლის დასაწყისში, უკრაინის კონფიდენციალური შეფასებით, უკრაინელი სამხედროების მსხვერპლის რიცხვი – 80 000-ს, დაჭრილების კი 400 000 შეადგენს. დასავლური დაზვერვის შეფასებები რუსეთის მსხვერპლის შესახებ განსხვავებულია, რომელთა თანახმად, დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 200 000-ს შეადგენს და დაშავებულების კი თითქმის 400 000-ს.
გამოცემის თანახმად, მთავრობისა და დემოგრაფების შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის შეჭრის და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად უკრაინამ ოკუპაციის ან ლტოლვილობის სახით, მინიმუმ, 10 მილიონი ადამიანი დაკარგა. ამასთან, 600 000-ზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყანაში შობადობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაბადებულზე სამჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა.