„უოლ სთრით ჯორნალი“ - მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის აღება ვერ მოახერხეს, ვლადიმერ პუტინი იძულებულია, შეცვალოს ტაქტიკა
მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის აღება ვერ მოახერხეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებულია, შეცვალოს ტაქტიკა უკრაინასთან მიმდინარე ომში და „მთავარი ტერიტორიული მიზნების დაცვის“ სტრატეგიაზე გადადის.
ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა თავდაცვამ აიძულა პუტინი, შეეცვალა ტაქტიკა. მისივე თქმით, ახლა რუსეთის პრეზიდენტს სურს, აიძულოს კიევი, დაეთანხმოს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე.
ანონიმური პირი ამბობს, რომ რუსეთს სურს, შექმნას „სახმელეთო დერეფანი“ ქვეყნის დასავლეთსა და 2014 წელს ანექსირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე. როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, ამავდროულად, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზემოქმედებას, კერძოდ ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს თავის მხრივ, ზელენსკის აიძულებს „დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში შესვლის იმედები“, დათანხმდეს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს.
იმ შემთხვევაში, თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი შეეცდება, შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული სრული ტერიტორია და ესკალაცია გააგრძელოს.
„ჩვენი სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პუტინი ბლოკადის ტაქტიკას უბრუნდება“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში აშშ-ის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ალყაში მოქცეული ქალაქების მცხოვრებლებისთვის ეს ნიშნავს რუსეთის არმიის მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს კვირებისა და შესაძლოა, თვეების განმავლობაში.
გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ პუტინის სტრატეგიის ინტერპრეტაცია სადაზვერვო საზოგადოების ოფიციალური შეფასების შედეგი არ არის, არამედ მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე ზოგიერთი ოფიციალური პირის თვალსაზრისია და ისინი არ იძლევიან გარანტიას, რომ ეს სტრატეგია აუცილებლად იმუშავებს.