„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - ისრაელმა აღმოაჩინა, რომ „ჰეზბოლას“ ლიბანში რუსული წარმოების თანამედროვე შეიარაღების დიდი მარაგი აქვს
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - ისრაელმა აღმოაჩინა, რომ „ჰეზბოლას“ ლიბანში რუსული წარმოების თანამედროვე შეიარაღების დიდი მარაგი აქვს

ისრაელმა აღმოაჩინა, რომ „ჰეზბოლას“ ლიბანში რუსული წარმოების შეიარაღების დიდი მარაგი აქვს.

ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს.

გამოცემა წერს, რომ არსებული იარაღის ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, „ჰეზბოლას“ ხელში სირიაში არსებული რუსული საწყობებიდან მოხვდა. ეს კი ადასტურებს ისრაელის ეჭვებს, რომ „ჰეზბოლა“ თავის საბრძოლო პოტენციალს თანამედროვე რუსული შეიარაღების დახმარებით აძლიერებს.

სირიელი და არაბი მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი იარაღი, მათ შორის თანამედროვე „კორნეტის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ბოლო წლებში სამხრეთ ლიბანში სირიიდან, უფრო კონკრეტულად კი, რუსული საწყობებიდან გაიგზავნა.

აღინიშნება, რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ „ჰეზბოლას“ გააჩნდა გარკვეული რუსული წარმოების იარაღი, თუმცა ის არ იყო თანამედროვე, რაც შეეხება იმ იარაღს, რომელიც ისრაელმა ახლა აღმოაჩინა, ის ბევრად უფრო თანამედროვეა.

ისრაელში აცხადებენ, რომ ამ შეიარაღებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა „ჰეზბოლას“ უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელს. იარაღის აღმოჩენამ ისრაელში გააძლიერა შიში, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გააღრმაოს ურთიერთობა „ჰეზბოლასთან“, მიუხედავად მოსკოვის ხანგრძლივი მტკიცებისა, რომ ის არ არის მხარე ისრაელსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტში.

რუსეთის მთავრობაში, ასევე სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.