„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენა სურს
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენა სურს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულის, გრენლანდიის შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დანიის სამეფოს კუთვნილებაში არსებული 2 166 000 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე, ყინულის საფარიანი კუნძულის შეძენა პრეზიდენტს აშშ-ის ტერიტორიების გაფართოებისა და არქტიკის ასათვისებლად გეოპოლიტიკური დანიშნულებით სურს.

როგორც გამოცემა იუწყება დონალდ ტრამპის ინიციატივას მრჩეველთა ნაწილი იუმორით, ნაწილი კი სერიოზულად მიუდგა.

გრენლანდიის შეძენის სურვილი ბევრად ადრე, პრეზიდენტმა ჰარი თრუმენმაც გამოთქვა და დანიას 1946 წელს კუნძულის სანაცვლოდ 100 მილიონი დოლარიც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპი დანიას ოფიციალური ვიზიტით სექტემბერში უნდა ეწვიოს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია იქნება თუ არა დღის წესრიგში გათვალისწინებული გრენლანდიის შესყიდვის საკითხი.

ტულის საჰაერო ბაზა გრენლანდიაში, უკიდურესი ჩრდილოეთით არსებული სამხედრო ბაზაა აშშ-სთვის.