„უოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში მზარდი შეშფოთებაა, რომ ისრაელმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში მზარდი შეშფოთებაა, რომ ისრაელმა უახლოეს მომავალში ლიბანში, შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობებზე თავდასხმამ შეშფოთება გაზარდა.
ისრაელი აფრთხილებს „ჰეზბოლას“, რომ სრულმასშტაბიანი ომი სულ უფრო შესაძლებელია, თუ ტერორისტული ჯგუფი არ დაასრულებს თავდასხმებს ისრაელის ჩრდილოეთზე.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებენ ისრაელს, მეტი დრო დაუთმოს დიპლომატიას, მაგრამ აშშ შიშობს, რომ შეიძლება, სიტუაცია მალე გამოვიდეს კონტროლიდან.
პარალელურად, ბრიტანეთში ლიბანის ელჩმა, რამი მორტადამ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია რეგიონულ ომს გამოიწვევს.