უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი დროებით უფასოდ მოემსახურება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის მიერ დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე, ან უკუმიმართულებით გადაადგილდებიან, უფასოდ გადაიყვანს.
„ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება.
აღნიშნული მარშრუტი განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლად. შესაბამისად, ტრანსპორტი შუალედურ გაჩერებებზე მგზავრების აყვანისა თუ ჩამოსხმის მიზნით, არ გაჩერდება.
ბაგების დასახლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.