უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.
კალაძის თქმით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში ხიდზე გამოიცვალა ასფალტის საფარი და გამაგრდა ბურჯები.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, შეიღება მოაჯირები, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ განაახლა განათების სისტემა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი დაიხარჯა, ხოლო ხიდის მოპირკეთება, განათების სისტემით აღჭურვა და სხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები ჯამში 200 000 ლარამდე დაჯდა.
„დავასრულეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს არის საფეხმავლო ხიდი, რომელიც მაღლივიდან გადადის ბაგების მიმართულებით. მთლიანად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამ ხიდს, რაც აშენდა, მას შემდეგ არანაირი სამუშაოები არ იყო ჩატარებული. აქვე ასევე მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ამოსასვლელი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.