უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემ შედეგზე არ არის ორიენტირებული.
„ახლა ამ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ იმ ინდიკატორებზე, რომლებითაც უნდა მოვახდინოთ მაგალითად მეცნიერების წახალისება, პროგრამების წახალისება. ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიდიოდა კვლევა. კვლევა უკვე სრულდება, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. მოხდეს გადასვლა ახალ მოდელზე, რომელიც ვაუჩერული სისტემის დარჩენას გულისხმობს, ხოლო მოდელი, რომლითაც ფული უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით მიედინებოდა, გადანაწილდება იმ შეფასების მაჩვენებლებზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში ამაზე მუშაობას მოვრჩებით და ვფიქრობთ, მომავალ წელს უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი გვექნება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.