„უნიონის“ ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ფეხბურთელი გუნდიდან გარიცხა
„უნიონის“ ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ფეხბურთელი გუნდიდან გარიცხა

გერმანული „უნიონის“ ხელმძღვანელობამ თავდამსხმელი სებასტიან პოლტერი გუნდს ჩამოაშორა და ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის კონტრაქტის დასრულებამდე, მიმდინარე წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ასეთი რადიკალური ზომის მიზეზი ის გახდა, რომ პოლტერმა კორონავირუსის პანდემიის დროს ხელფასის შემცირებაზე თქვა უარი. როგორც ირკვევა, ის გუნდში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ერთიანობაა. ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ. სამწუხაროდ, სებასტიანი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ეს არ გააკეთა. ჩვენ ეს არ გვესმის და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ პოლტერი ჩვენი გუნდის ნაწილი აღარ იქნება. გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა დირკ ცინგლერმა.

შეგახსენებთ, რომ „უნიონი“ ბერლინის გუნდია, რომელიც ამჟამად პირველ ბუნდესლიგაში თამაშობს. გუნდი 31 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.