დიოგო ლეიტე - კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია #1TVSPORT
დიოგო ლეიტე - კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია #1TVSPORT

ბერლინის „უნიონის“ პორტუგალიელმა მცველმა, დიოგო ლეიტემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „ნაპოლისთან“ მოახლოებულ შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ზედიზედ თორმეტი წაგების შემდეგ, ნეაპოლში გვსურს, რომ ჩვენი რეალური შესაძლებლობები ვაჩვენოთ. გვჭირდება დადებითი შედეგი, რომ დავიბრუნოთ გულშემატკივრების ნდობა და ეს უსიამოვნო სერია შევწყვიტოთ. ამ წაგებების ერთ-ერთი მიზეზი უიღბლობაც იყო. ზოგიერთ მატჩში გვქონდა გოლის გატანის საშუალება, მაგრამ ვერ ვახერხებდით. ჩემპიონთა ლიგაზე მოგება დამატებით იმპულსს მოგვცემდა.

ბონუჩი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მისგან ბევრის სწავლა შემიძლია, ის შესანიშნავი ადამიანია.

„ნაპოლი“ ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბრწყინვალე გუნდია, რომელიც კარგად და სწრაფად თამაშობს, ბურთს აკონტროლებს. ამიტომ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, მხოლოდ ასე შევძლებთ მათ შეკავებას და საგოლე მომენტების შექმნას. ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ „ნაპოლის“ ჰყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც ნიგერიელის ღირსეულად შეცვლა შეუძლიათ.

ვიცით კვარაცხელიას თვისებები, ის ძალიან ძლიერია ერთ-ერთზე თამაშისას, კარგი დრიბლინგი აქვს და არაპროგნოზირებადი მოქმედებებით გამოირჩევა – შეუძლია თამაშის ბედი ერთი მომენტით შეცვალოს. კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა, მას თავისუფალი სივრცე არ უნდა დავუტოვოთ.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ დაცვაში საიმედოები ვიყოთ, ხოლო შეტევაში თამამები – სხვაგვარად „ნაპოლისთან“ მოგება შეუძლებელი იქნება“, – ამბობს პორტუგალიელი მცველი.