პანდემიამ ექსტრემალური გულშემატკივრობაც მოიტანა - ეს სურათი ბათუმში გადაღებული არაა, ამბავი გერმანიაში მოხდა
პანდემიამ ექსტრემალური გულშემატკივრობაც მოიტანა - ეს სურათი ბათუმში გადაღებული არაა, ამბავი გერმანიაში მოხდა

სურათი, რომელსაც უყურებთ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაცნობია – ბათუმის „დინამოს“ საშინაო თამაშებზე, ანგისას სპორტულ ბაზაზე ხალხი ვერ ეტევა და გულშემატკივართა ნაწილი თამაშებს მუდამ სტადიონის პერიმეტრის გარედან, ხეებიდან და მესერებიდან უყურებს.

მაგრამ ეს სურათი გადაღებული არა ბათუმში, არამედ – გერმანიაშია, სადაც „ბუნდესლიგის“ სეზონი განახლდა, მაყურებელს ჯერჯერობით სტადიონზე შესვლის უფლება არ გააჩნია – ამის გამო, ბერლინში, ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩი, სადაც „ბაიერნი“ „უნიონს“ ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა, უმაყურებლოდ ჩატარდა,

მიუხედავად ამისა, შეხვედრას ორი გულშემატკივარი შეხვედრას მაინც მოედნის ახლო ადგილიდან ადევნებდა თვალს. საქმე ისაა, რომ პანდემიამ ექსტრემალური გულშემატკივრობაც მოიტანა – ორი გულშემატკივარი სტადიონის გვერდით მდებარე 12-მეტრიან ხეზე აძვრა, საიდანაც მოედანი კარგად ჩანდა და სახლში ტელევიზორის ჩართვას ექსტრემალურ გარემოში ყურება ამჯობინეს – სურათი კი „ბილდ“-ის (Bild) ფოტოგრაფმა გადაიღო.

ეს ორი გულშემატკივარი ფეხბურთით ხეზე კარგა ხანი ტკბებოდა. მაგრამ შემდეგ ისინი პოლიციამ შეამჩნია და მამაკაცები აიძულეს, ხიდან ჩამოსულიყვნენ. გამოცემის ცნობით, გულშემატკივრებმა სასჯელს თავი დააღწიეს, მაგრამ სპორტული კომპლექსის ტერიტორიის გარეთ გადაიყვანეს.