UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას
საქართველოს მთავრობის ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას, – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ, რომლის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.
„კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა, ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე, რომლის დამანგრეველი მოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით. უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.