UNICEF-ის ინიციატივით, ერაყში სამედიცინო დაწესებულებების ასაშენებლად 17 მილიონი დოლარი გამოიყოფა
გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ინიციატივით, ერაყში სამედიცინო დაწესებულებების ასაშენებლად 17 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
გაერო-ს სააგენტოს ცნობით, 750 000 ბავშვი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, მოსულის რაიონში ექიმის დახმარებას ვერ იღებს.
UNICEF-ის განცხადების მიხედვით, მოსულის ნინევიას პროვინციაში სამედიცინო დაწესებულებების 10%-ზე ნაკლები ფუნქციონირებს. მათი მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა. UNICEF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინიკებისა და საავადმყოფოების რეაბილიტაცია საკვანძო საკითხია რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სახლებში დასაბრუნებლად.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ერაყმა გამარჯვება გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიის მესამედი ისლამისტი მებრძოლებისგან გაათავისუფლა, 2.6 მილიონი ადამიანი კვლავ დევნილობაში რჩება.
ერაყის მთავრობის განცხადებით, მათ სულ მცირე 100 მილიარდი სჭირდებათ, რომ სახლების, ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების აღდგენა შეძლონ.
ერაყის რეკონსტრუქციის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას ქუვეითი 12-14 თებერვალს უმასპინძლებს.