UNICEF - 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად
UNICEF - 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად

საყოველთაო ფულადი დახმარება 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ, რომლის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელის გამოყენებით სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ, ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის საბაზისო მაჩვენებლებზე მეტად სიღარიბის დონის შემცირება; კვლევის შედეგად ასევე შეისწავლეს საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებული ფულადი დახმარების პროგრამების შესაძლო ეფექტი. ეს მოიცავდა ჯამში 12 სიმულაციას, მათ შორის, გაანალიზდა ყველა ბავშვისათვის ფულადი დახმარებისა და უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების სცენარები. მოდელების ეფექტი ცალ-ცალკეა პროგნოზირებული და არ ასახავს მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ყველა ზომის ერთობლივ ეფექტს.

„ჩვენი სამინისტროსათვის გაერო-ს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვანი და ფასეული პარტნიორია. ბავშვებისათვის სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის დაგეგმვისას ჩვენთვის გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა“, – აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.