უნგრული მედიის ცნობით, აშშ უახლოეს ხანში დააწესებს სანქციებს უნგრელი გავლენიანი პირების წინააღმდეგ
უნგრული მედიის ცნობით, აშშ უახლოეს ხანში დააწესებს სანქციებს უნგრელი „გავლენიანი პირების“ წინააღმდეგ.
როგორც უნგრული მედია იუწყება, დიპლომატები ამბობენ, რომ საქმე, შესაძლოა, ეხებოდეს 2014 წელს უნგრეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ ამოქმედებული სავიზო შეზღუდვების მსგავსს სანქციებს.
მედიის ინფორმაციით, უნგრეთში აშშ-ის ელჩმა სანქციები, შესაძლოა, 12 აპრილს დაანონსებულ ბრიფინგზე გამოაცხადოს. თავად საელჩოს ჯერ ბრიფინგის თემა არ დაუსახელებია.
როგორც უნგრული მედია წერს, ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები გაუარესებულია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არაერთხელ დაადანაშაულა აშშ-ის ელჩი, რომ ვაშინგტონს უნგრეთის უკრაინის ომში ჩათრევა სურს.
თავის მხრივ, უნგრეთში აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმენი ასევე ხშირად აკრიტიკებს უნგრეთის მთავრობას და აცხადებს, რომ სამთავრობო მედია რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას ავრცელებს, ხოლო მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი.