უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი ვიქტორ ორბანს შეხვდა
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი ვიქტორ ორბანს შეხვდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ვიქტორ ორბანმა სი ძინპინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინურმა საწარმოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნგრეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ურბანულ მშენებლობაში. უნგრეთის პრემიერის თქმით, ჩინეთის მიერ წარმოებული მრავალი პროექტი მეგობრობის სიმბოლო გახდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

თავის მხრივ, სი ძიპინმა აღნიშნა, რომ მას სრული ნდობა აქვს ჩინეთ-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების მომავალში განვითარების მიმართ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრის შემდეგ 18 შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამასთან, პიტერ სიიარტომ დასძინა, რომ ქვეყნები დაიწყებენ ჩქაროსნული სარკინიგზო სადგურის მომზადებას, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ ბუდაპეშტსა და მის აეროპორტს.

ჩინეთის პრეზიდენტი მანამდე საფრანგეთსა და სერბეთს ეწვია. საფრანგეთში სი ძინპინი ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, რომელთაც ჩინეთის ლიდერს მოუწოდეს, მოახდინოს რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

სი ძინპინმა უნგრეთი უკვე დატოვა, რითიც მან ევროპის ქვეყნებში ტურნე დაასრულა.